Photomuseum.ge-ის სამი მიმართულება: პლატფორმა, უფლებები და გია გერსამიას ფოტოარქივი
გია გერსამიას საქმის გასაგრძელებლად ზაფხულში ხელახლა დავაფუძნეთ კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია — ამჯერად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით. მას შემდეგ სამი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა.
1 · ციფრული პლატფორმა
photomuseum.ge-ზე თემების, კოლექციებისა და რჩეული პროექტების სტრუქტურა შექმნილი და გატესტილია. აღწერასა და მონაცემების მართვაში ავტომატიზაცია დავნერგეთ, ყველა ჩანაწერს კი გამოქვეყნებამდე ადამიანი ამოწმებს. პლატფორმა მზადაა, თუმცა მასალის გაციფრება, აღწერა და გამოქვეყნება ხანგრძლივი სამუშაოა.
2 · უფლებები — ფართო გამოქვეყნებამდე
სანამ მასალას ფართოდ გამოვაქვეყნებთ, უნდა განვსაზღვროთ, როგორ გავხადოთ ისტორიული ფოტოები ხელმისაწვდომი ისე, რომ საავტორო უფლებები და მფლობელების ინტერესები დაცული იყოს. ამ მიზნით ასოციაციამ საგრანტო პროექტი შეიტანა European Heritage Hub-ში. პირველი ეტაპი გავლილია და ახლა დაფინანსების გადაწყვეტილებას ველოდებით.
3 · გია გერსამიას საკუთარი ფოტოარქივი
ამ სამუშაომ კიდევ ერთი მიმართულება გამოკვეთა — ფოტოები, რომელთა ავტორიც თავად გიორგი (გია) გერსამია არის. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) ბიბლიოთეკის პროგრამამ (Modern Endangered Archives Program), რომელიც საფრთხეში მყოფ თანამედროვე არქივებს ეძღვნება, დაგვანახა, რომ ამ არქივის შესწავლა და ინვენტარიზაცია თავისთავად მნიშვნელოვანი პროექტია.
ვინც გიას იცნობდა, იცის: ფოტოაპარატი სულ თან ჰქონდა. ათწლეულების განმავლობაში გადაიღო დავითგარეჯა, ტაო-კლარჯეთი, საფრთხეში მყოფი ძეგლები და ფრესკები, ძველი თბილისის არქიტექტურა, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკური მოვლენები. არქივის ინვენტარიზაციისთვის ასოციაცია ამ პროგრამაში განაცხადს ამზადებს. მის ნამუშევრებს photomuseum.ge-ზე ცალკე სივრცეს დავუთმობთ.
ყოველ კვირას — ერთი ფოტო
მანამდე კი ყოველ კვირას გაგიზიარებთ ერთ ფოტოს და მის ამბავს იმ ისტორიული კოლექციიდან, რომელსაც გია აგროვებდა. პირველი ფოტო 9 ნოემბრიდან დაწყებულ კვირაში გამოქვეყნდება.
კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია

