გიორგი გერსამია — ქართველი კინოოპერატორი, პროფესორი და ფოტომემკვიდრეობის მკვლევარი
გიორგი გერსამია — ქართველი კინოოპერატორი და ფოტომემკვიდრეობის მკვლევარი

გიორგი გერსამია

კინოოპერატორი · ემერიტუს პროფესორი · ფოტომუზეუმის დამაარსებელი

1939–2026


კინოოპერატორი და პედაგოგი

გიორგი გერსამია დაიბადა საქართველოში, 1939 წლის 7 სექტემბერს, ქ. თბილისში.

სწავლობდა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК), 1963 წელს დაამთავრა კინოოპერატორის ფაკულტეტი. პროფესიული კარიერა დაიწყო 1963 წელს „ქართულ ფილმში“ კინოოპერატორად, სადაც სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადაიღო ოცზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.

1968 წელს გახდა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 1988 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1989 წლიდან გახდა უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორი, ხოლო 1999 წელს ეროვნული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.

2019 წლის იანვარში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (TAFU) აკადემიურმა საბჭომ გიორგი გერსამიას მიანიჭა ემერიტუს პროფესორის წოდება ქართული კინოსა და ფოტოგრაფიული კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის.

2007 წლიდან იყო TAFU-ს სრული პროფესორი. მან შეიმუშავა და ასწავლიდა კურსს „ქრესტომათია — საოპერატორო ოსტატობის კურსი სტუდენტ ოპერატორებისათვის“, რომელიც 2010 წელს გამოიცა 4 DVD-ის სახით.


კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია

2000 წელს გიორგი გერსამიამ დააფუძნა „კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია“. იმავე წელს ასოციაციამ ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით შექმნა საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიისადმი მიძღვნილი ონლაინ მუზეუმი — www.photomuseum.org.ge.

პროექტი წარმოადგენს მრავალწლიანი საარქივო კვლევის, საქართველოსა და კავკასიაში ექსპედიციების, ინსტიტუტებთან, კერძო კოლექციონერებთან და ოჯახურ არქივებთან თანამშრომლობის შედეგს.

გიორგი გერსამიას მემკვიდრეობა მოიცავს მის მიერ შეგროვებულ ფოტომასალას, მის საკუთარ ფოტოგრაფიულ ნამუშევრებსა და კვლევებს. მისი საქმიანობა ასევე ეფუძნებოდა მუზეუმებში, არქივებში, ბიბლიოთეკებსა და კერძო კოლექციებში დაცული ფოტოების შესწავლას. ეს მემკვიდრეობა ფოტომუზეუმის საქმიანობის საფუძველია. დღეს გრძელდება მასალის აღრიცხვა, იდენტიფიკაცია და დოკუმენტირება. ფოტოების საჯაროდ გაზიარება დამოკიდებულია თითოეული მასალის წყაროზე, საავტორო უფლებებსა და გამოყენების პირობებზე.

შემდგომ წლებში გიორგი გერსამიამ კვლევა დამოუკიდებლად განაგრძო. ეს ორგანიზაცია დღეს აღარ ფუნქციონირებს. 2026 წელს მისმა ვაჟებმა, არჩილ და ბექა გერსამიებმა, მამის საქმის გასაგრძელებლად იმავე სახელწოდებით ახალი ორგანიზაცია დაარეგისტრირეს, რომელიც დღეს Photomuseum.ge-ს ავითარებს.

ქართული ფოტოგრაფიის მუზეუმი აგრძელებს მის საქმეს და მის მემკვიდრეობას აცნობს მკვლევრებს, კულტურულ ინსტიტუციებსა და ფართო საზოგადოებას.


ფილმოგრაფია

  • 1962 კარუსელი
  • 1965 მიხა
  • 1967 დიდი მწვანე ველი (ფესტივალის პრიზიორი)
  • 1968 არაჩვეულებრივი გამოფენა
  • 1973 გზა მშვიდობისა, ჯაყო!
  • 1974 კაპიტნები
  • 1976 მწვერვალი
  • 1977 მგლის ლეკვები
  • 1981 ცხელი ზაფხულის სამი დღე
  • 1982 გზის დასაწყისი
  • 1986 ჭიდაობას რა უნდა
  • 1987 რივარესი (ფილმი-ბალეტი)
  • 1988 სიზმრები ადლუმებს შორის
  • 1991 მე, პელეს ნათლია!
  • 1992 გრანტუსი
  • 1996 მორევი
  • 2001 ხვეული კიბით (ფესტივალის პრიზიორი)
  • 2005 მეიდანი — სამყაროს ჭიპი (დოკუმენტური)
  • 2005 ზღვის დონიდან…
  • 2005 მონეტა
  • 2005 ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა
  • 2009 ჯაყოს ხიზნები